четверг, 20 ноября 2008 г.


ლევან ასათიანი



მთაწმინდისკენ



(წიგნიდან „ცხოვრება აკაკი წერეთლისა“)



„აკაკის სამრეკლო“. გამომცემლობა „განათლება“. თბ. 1991 წ. გვ. 482-488.



1914 წლის დასაწყისიდანვე დაეტყო აკაკის განსაკუთრებით ძლიერი მოღლილობა. საერთო არტერიოსკლეროზმა და გულის მიოდეგენერატულმა მოვლენებმა, - წერს პოეტის მკურნავი ექიმი ს. ჭოღოშვილი, - სამწუხარო დაღი დააჩნია სხეულს...

ზაფხულსა და შემოდგომის განმავლობაში აკაკი შედარებით კარგად გრძნობდა თავს.

ოქტომბერში ის თავისი შვილის თანხმობით დაესწრო ავლაბარში სცენის მოყვარეთა მიერ გამართულ წარმოდგენას. დგამდნენ “პატარა კახს“. ხალხი აღტაცებული ვაშათი, დაფაზურნით და ხოროს სიმღერებით შეეგება თავის საყვარელ მოხუც პოეტს.

მეპურეებმა ხონჩით პურ-მარილი და ღვინო მიართვეს. მუშა მგოსანმა შ. ნავთლუღელმა ლექსი მიუძღვნა. ნოხებით დაფენილი ლოჟიდან აკაკიმ ბოლომდე უყურა წარმოდგენას. მისი გათავების შემდეგ თავისი ჩვეული გულუხვობით ქება შეასხა დამდგმელ მსახიობს და გამოეთხოვა მათ.

ხალხმა ოვაციებით გააცილა აკაკი, რომელმაც თავისი მოსვლით ისე გაახარა მათი გული.

დადგა ზამთარი...

დეკემბერში აკაკი პეტროგრადიდან ალექსის წერილს იღებს. ცოლი და შვილი იწერებოდნენ გაჭირვებას, უფულობას...

ასეთი წერილები მუდამ აღელვებდა აკაკის.

ახლაც ცოლ-შვილის გასაჭირმა გულის სიღრმემდე შესძრა მისი არსება.

მოხუცი შეუდგა თბილისში ფულის ძებნას. მაგრამ ამაო აღმოჩნდა მისი საწადელი.

მაშინ აკაკი მიემგზავრება ქუთაისისკენ. ახლა იქ უნდა სცადოს ბედი. ქუთაისში ის ჩერდება სასტუმრო „გრანდ-ოტელში“, სადაც იკავებს ყველაზე იაფფასიან ნომერს.

დეკემბრის ცივი, ქარიანი დღეები დახვდა პოეტს „სავარდო და სამაისო“ ქალაქში. სასტუმროს არ ათბობდნენ, მოხუცი ღამეებს ცივ ოთახში ათევდა. დღისით ქალაქში დადიოდა ფულის საშოვრად.

მაგრამ ფული არსაიდან ჩანდა.

და აი, მან გადაწყვიტა თავისი ახალი პოემა „ომის“ დამთავრება... ეს იყო საუცხოო იდეა! მას შეეძლო ჰონორარის აღება და, მით უფრო ჩქარა, რაც უფრო ადრე გაათავებდა პოემის წერას!..

ორი კვირის განმავლობაში, დღე და ღამე, შეუსვენებლად წერს მოხუცი თავის უკანასკნელ ნაწარმოებს. მისი ანგარიშით პოემა მზად უნდა იქნეს შობის დღესასწაულამდე – 25 დეკემბრამდე. აი, მან დაასრულა კიდეც პირველი ნაწილი პოემისა, შეუდგა მეორე ნაწილს...

ცივმა ოთახმა, უძილობამ, უჭმელობამ თავისი გაიტანა. იგი გრძნობს სისუსტეს და იმის შიშით, რომ ავადმყოფობამ არ მოუსწროს, უფრო მეტის გამალებით მუშაობს... მაგრამ 19 დეკემბერს მსახურს შემოაქვს დეპეშა. ეს განმეორებით თხოვნაა პეტროგრადიდან: „უკიდურესად გვიჭირს, სასწრაფოდ მოგვაშველეთ ფული!“

ეს ამბავი მეხივით ეცემა თავზე მოხუცს. მეტის ატანა უკვე ყოველგვარ ძალას აღემატება! ის ვეღარ წერს, აღარ შეუძლია...

მისი სული აფორიაქებულია, ჯანი-გატეხილი... 20 დეკემბერს სხვიტორიდან ჩამოდის აკაკის მოურავი კოტე აბდუშელიშვილი. ის უნუგეშო მდგომარეობაში ხედავს მოხუცს.

გული ეტკინა მის შემხედვარეს. შეპირდა მტკიცედ დააიმედა აკაკი, რომ საჩხერეშიც მოხერხდებოდა ფულის შოვნა და პეტროგრადში გადაგზავნა.

ამ დაპირებით გამხნევებული აკაკი მიემგზავრება სოფლისაკენ.

21 დეკემბერს აკაკი სხვიტორშია.

შობის წინა დღით, საღამოს თავს ცუდად გრძნობს და წვება ლოგინში.

იმ ღამეს აკაკის დამბლა ეცემა... მარცხენა ხელისა და ფეხის მოძრაობა უდუნდება.

მაგრამ ეს პირველი შემოტევა ჯერ კიდევ არ არის საშიში. რამდენიმე დღის შემდეგ ავადმყოფს უკეთობა ეტყობა.

ის ძალიან ღელავს მომსვლელ ნაცნობებისა და პატივისმცემლების ნახვაზე. ამიტომ ექიმები კრძალავენ მნახველთა შემოსვლას.

აკაკი თხოულობს წაუკითხონ რაიმე მისი ნაწერებიდან. აკაკის ახალგაზრდა მეგობარი, პედაგოგი - ქალი ანეტა იურკევიჩი საათობით უზის ავადმყოფ მგოსანს და უკითხავს მის ლექსებს. „აკაკი ისმენს და შენიშვნებს იძლევა. ზოგს იწონებს და ზოგი ადგილების მოსმენის დროს ხელს ჩაიქნევს“.

ერთ დღეს, ლოგინიდან ოდნავ წამოწეული აკაკი ოთახში მყოფთ ფანჯრიდან მიუთითებს ტყემლის ხეზე: „იქ დამმარხეთ! “...



* * *

დგება 1915 წლის 1-ლი იანვარი. ახლო-მახლო სოფლებიდან მოდიან გლეხები და ძვირფას ავადმყოფთან მოაქვთ საახალწლო მოსაკითხი.

ამ დღეებში მთელი საქართველო გაფაციცებით ადევნებს თვალყურს პოეტის ავადმყოფობის მსვლელობას. გაზეთებში ყოველდღიურად იბეჭდება ბიულეტენები პოეტის მდგომარეობაზე, მის სანახავად მოდიან მწერლები, ჟურნალისტები, პეტროგრადიდან ჩამოდის შვილი-ალექსი.

დროგამოშვებით აკაკი კვლავ თხოულობს, რომ წაუკითხონ რაიმე მისი ნაწერებიდან. ანეტა იურკევიჩი „ომს“, „გამზრდელს“, ლირიკულ ლექსებს... „გამზრდელის“ კითხვის დროს, ბოლო ტაეპზე:



„მაგრამ უსუფ ეუბნება:

-შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!

სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,

რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ,“ -



აკაკის თვალებიდან ცრემლები მოსდის ღვარად. ის ტირის... რაზედ ტიროდა მოხუცი მაშინ? ვინ იცის.

აკაკის ნელა-ნელა გაუმჯობესება ეტყობა. ხანდახან ოხუნჯობს კიდეც. 5 იანვარს, მის სანახავად მოსულ ბეითალს ეუბნება: „მე ჩემს დღეში სახედარივით ვმუშაობდი საზოგადოებისათვის, ისევ შენ თუ მომარჩენ!“...

13 იანვრიდან აკაკი სულ უკეთობაში შედის. მის მეტყველებას თანდათან გაუმჯობესება ეტყობა.

24 იანვარს , - წერს ექ. ს. ჭოღოშვილი, - აკაკი კარგად გრძნობდა თავს, მადა კარგი ჰქონდა, ოხუნჯობდა, ამბობდა:

მალე თბილისში წავალთო, თხოულობდა, დამაწვინეთ არა საავადმყოფოში, არამედ სასტუმროში, რომ ნაცნობებს ადვილად შეეძლოთ ნახვა.

საღამოთი ათის ნახევარზე დაიძინა...

25 იანვარს, დილის 5 საათზე განუმეორდა აპოპლექსური ინსულტი, - ხელმეორედ ჩაექცა სისხლი ტვინში.

აკაკიმ ძლივს მოახერხა გაეღვიძებინა მის ოთახში მწოლიარე შვილი.

ალექსი ასე აგვიწერს ამ მომენტს:

„აკაკი მთლად ოფლში იყო, კანკალებდა, იტანჯებოდა, უკვე ენა ერთმეოდა, ძლივს გამაგებინა, რომ ხელ-ფეხი დადამბლებული აქვს, ახლა კი უსათუოდ მოვკვდებიო. დაეწყო გულისრევა. ავადმყოფი თანდათან სუსტდებოდა“...

აგონიამ შუაღამემდე გასტანა.

... ღამის პირველ საათზე აკაკი გარდაიცვალა.